ნენსკრას ჰიდროელექტროსადგურის პროექტი დამოუკიდებელი საქართველოს რეალობაში სტრატეგიული მნიშვნელობის ყველაზე დიდი ჰიდროელექტროსადგურის - ნენსკრა ჰესის მშენებლობას გულისხმობს.
პროექტს ახორციელებს სს «ნენსკრა ჰიდრო», რომელიც კორეის წყლის რესურსების კორპორაციის - K-Water-ისა (ინვესტორი) და სს „საპარტნიორო ფონდის“ თანამშრომლობის შედეგად 2015 წელს შეიქმნა.
280 მგვტ სიმძლავრის ჰიდროელექტროსადგური საქართველოს ყოველწლიურად 1'200.00 გიგავატ.სთ ელექტროენერგიით მოამარაგებს, რომელიც მთლიანად ადგილობრივ ბაზარს მოხმარდება.
დღესდღეობით საქართველო ზამთარში, განსაკუთრებით ნოემბერ–იანვარში ელექტროენერგიის დეფიციტს განიცდის, რადგან მდინარეებში წყლის დონე იკლებს, შიდა ენერგომოხმარება კი იზრდება. ამასთანავე, ყოველწლიურად მატულობს იმპორტირებული ელექტროენერგიის ოდენობა. ამ პირობებში აღნიშნული პროექტის რეალიზებას ჩვენი ქვეყნისათვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს: ნენსკრა ჰესის მშენებლობის მიზანი სწორედ არსებული პრობლემის აღმოფხვრაა.
კერძოდ, ჰესი შემოდგომა–ზამთრის პერიოდშიც საჭირო რაოდენობის ელექტროენერგიას გამოიმუშავებს, რაც საგრძნობლად შეამცირებს ელექტროენერგიის იმპორტის ოდენობას. აქედან გამომდინარე, ქვეყნის დანახარჯები შემცირდება, რაც პირდაპირ კავშირშია არა მხოლოდ რეგიონის, არამედ მთელი საქართველოს ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებასთან.
ამასთანავე, პროექტის განხორციელება ხელს შეუწყობს ქვეყნის მასშტაბით სვანეთის რეგიონის მნიშვნელობის გაზრდას, მის გამოცოცხლებასა და სოციალურ განვითარებას. ეს პროცესები ადგილობრივი მოსახლეობის ყოფაზე დადებითად აისახება. გარემოზე ჰესის გავლენა კი ექსპერტთა საერთაშორისო ჯგუფის ჩართულობით მინიმუმამდე იქნება დაყვანილი.
ნენსკრას ჰიდროელექტროსადგურის პროექტი ხორციელდება ე.წ. BOT (Build-Operate-Transfer) სქემით, რომელიც ჰესის ექსპლუატაციაში შესვლიდან 36 წელიწადში მის საქართველოს საკუთრებაში უსასყიდლოდ გადმოცემას გულისხმობს.
ნენსკრას ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობა საქართველოს წარმატებული მომავლისკენ გადადგმული უმნიშვნელოვანესი ნაბიჯია, რომელიც ჩვენს ქვეყანასა და მოსახლეობას ენერგოუსაფრთხოების განმტკიცებისა და ადგილობრივი ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების შესაძლებლობას მისცემს.





გაიგეთ მეტი ნენსკრა ჰესის პროექტის შესახებ
საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობის განმტკიცება