როგორც ჩვენი ვებ-გვერდიდან შეიტყობთ, სს „ნენსკრა ჰიდრო“ წარმოადგენს სპეციალური დანიშნულების კომპანიას, რომელიც 2015 წელს წყლის რესურსების კორეული კორპორაცია „K-Water“-ისა და სს „საპარტნიორო ფონდის“ თანამშრომლობის შედეგად შეიქმნა. კომპანიიის მიზანს სვანეთის რეგიონში, მესტიის მუნიციპალიტეტში, მდინარეების ნენსკრასა და ნანკრას ხეობებში ნენსკრას ჰიდროელექტროსადგურის აშენება წარმოადგენს. ჰიდროელექტროსადგური საქართველოს ყოველწლიურად 1’200.00 გიგავატ.სთ ელექტროენერგიით მოამარაგებს, რომელიც მთლიანად ადგილობრივ ბაზარს მოხმარდება.
პროექტის ჯამური ღირებულება 1 მლრდ აშშ დოლარს შეადგენს, ე.წ. BOT (Build-Operate-Transfer) სქემით ხორციელდება, რაც იმას გულისხმობს, რომ ნენსკრა ჰესი ექსპლუატაციაში გაშვებიდან 36 წელიწადში საქართველოს უსასყიდლოდ გადაეცემა საკუთრებაში.
1967 წლიდან – დაარსების დღიდან „K-water“ წყლის რესურსების ეფექტური მართვის წყალობით სამხრეთ კორეაში აღიარებული ლიდერია. მას დიდი წვლილი შეაქვს ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებასა და ცხოვრების დონის გაუმჯობესებაში. 16 მრავალფუნქციური კაშხლისა და წყლის მომარაგების რეგიონული ინტეგრირებული სისტემების მეშვეობით „K-water“ ქვეყანაში არსებული წყალმომარაგების ობიექტების ნახევარსა და წყალმომარაგების 22 ადგილობრივ სისტემას მართავს, ასევე მონაწილეობს ქვეყნის საკანალიზაციო ქსელის მართვაში.
„K-water“-ის, როგორც კორეაში განახლებადი ენერგიის მწარმოებელი წამყვანი კომპანიის წილი ქვეყნის მიერ წარმოებულ განახლებად ენერგიაში 25%-ს შეადგენს.
მსოფლიოში უდიდესი „სიჰვინის მოქცევის ელექტროსადგური“ და პირველი მცურავი ფოტოელექტრული ენერგოსისტემა „ჰაპჩჰონის კაშხლის მზის ენერგიის სისტემა“ „K-water“-ის როლის ნათელი დადასტურებაა განახლებადი ენერგიის წარმოების დარგში.
1994 წლიდან „K-water“ აქტიურ საერთაშორისო საქმიანობას ეწევა. ამჟამად კომპანია 21 ქვეყანაში 32 საერთაშორისო პროექტს ახორციელებს. მათ შორისაა საქართველოში ნენსკრას ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობაც.
საქართველოს ტერიტორიაზე 26 000 მდინარეა. მათგან ენერგეტიკული მნიშვნელობით 300-მდე მდინარე გამოირჩევა, რომელთა წლიური ჯამური პოტენციური სიმძლავრე 15 000 მეგავატის ექვივალენტურია, ხოლო საშუალო წლიური ენერგია – 50 მლრდ კვტ/სთ-ის ექვივალენტური. შესაბამისად, საქართველოს ბუნებრივ სიმდედრეთა შორის ჰიდროენერგორესურსებს პირველი ადგილი უკავია. განახლებადი ენერგიის წყაროების არსებული პოტენციალი საქართველოში არ არის სათანადოდ გამოყენებული: მთლიან ენერგეტიკულ ბალანსში ჰიდრორესურსების წილი მხოლოდ 17%-ს შეადგენს.
მიუხედავად იმისა, რომ საქართველო არსებითად დამოუკიდებელია ელექტროენერგიით მომარაგების თვალსაზრისით, ზამთრის პერიოდში, როდესაც მდინარეებში წყლის დონე იკლებს, ქვეყნის ელექტროენერგიით უწყვეტად უზრუნველსაყოფად ხორციელდება როგორც ელექტროენერგიის, ისე თბოელექტროსადგურებისთვის განკუთვნილი ბუნებრივი გაზის იმპორტი. ნენსკრას ჰიდროელექტროსადგურის პროექტის განხორციელების შედეგად შემოდგომა-ზამთრის პერიოდში ელექტროენერგიის დეფიციტი და, შესაბამისად, იმპორტიც საგრძნობლად შემცირდება, რაც საქართველოს ენერგოუსაფრხოებას განამტკიცებს.
ნენსკრას ჰიდროელექტროსადგურის პროექტი ადგილობრივ ბაზარზე მსხვილ საერთაშორისო ინვესტიციას წარმოადგენს. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემების საფუძველზე 2015 წელს განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ტოპ-ათეულში სს „ნენსკრა ჰიდროს“ მიერ განხორციელებული ინვესტიციაც დასახელდა.
ჩვენი პროექტი როგორც მშენებლობის, ასევე ექსპლუატაციის პერიოდში ადგილობრივი მოსახლეობისთვის სამუშაო ადგილებს ქმნის. არაკვალიფიციური მუშახელის 100% ნენსკრასა და ნაკრას ხეობებში მცხოვრები მოსახლეობა იქნება. ნაწილობრივ კვალიფიციური მუშახელის 75% იქნება ქართველი, აქედან 50% – მესტიის მკვიდრი.
2016 წელს ადგილობრივი მოსახლეობის საჭიროებათა გამოვლენის მიზნით ჩავატარეთ კვლევა. მიღებული შედეგების საფუძველზე შემუშავდა სოციალურ სფეროში ინვესტირების სპეციალური სტრატეგია, რომელიც ხელს შეუწყობს ორივე ხეობის მდგრად ეკონომიკურ განვითარებასა და იქ მაცხოვრებელი მოსახლეობის კეთილდღეობის ზრდას ადგილობრივი ბიზნესის მხარდჭერის საშუალებით.
ჩვენთვის დიდი პატივია, რომ მოგვეცა საშუალება, გამოვიყენოთ ჩვენი ცოდნა და 50-წლიანი გამოცდილება, რათა დავეხმაროთ საქართველოს უკეთესი მომავლის შენებაში მისი ენერგეტიკული დამოუკიდებლობის განმტკიცებით და ქვეყნის ერთ-ერთი უმშვენიერესი კუთხის – სვანეთის განვითარების ხელშეწყობით.
გმადლობთ ჩვენი ვებ-გვერდის მონახულებისთვის და ჩვენი პროექტისადმი გამოჩენილი ინტერესისთვის.
სს “ნენსკრა ჰიდროს” აღმასრულებელი დირექტორი ჰან გუ ლი